ლევან ბერძენიშვილი:   ჩვენ დასჯილად არ ვთვლით თავს... პარლამენტს გარეთაც შეიძლება მუშაობა

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ დასჯილად არ ვთვლით თავს... პარლამენტს გარეთაც შეიძლება მუშაობა

პირადად მე თავს დასჯილად კი არა, გათავისუფლებულად ვთვლი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაყურებლის კითხვაზე, „რესპუბლიკური პარტია“ ბიძინა ივანიშვილმა დასაჯა თუ ქართველმა ამომრჩეველმა, ლევან ბერძენიშვილმა პარტიის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დაარსდა 1978 წელს, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკაში მოვიდა 2011 წელს.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში. „ასე რომ ჩვენ სხვა დროსაც ვყოფილვართ პარლამენტში. დიახ, ჩვენ არასდროს აგვიღია 20 და 50%, მაგრამ 15-10 და 8 % აგვიღია. რაც შეეხება იმას, ვინ ვინ დასაჯა, ჯერ ხომ ისტორია არ დამთავრებულა, ხომ კარგად ვნახავთ, ვინ არის დასჯილი. ჩვენ დასჯილად არ ვთვლით თავს. ჩვენ არ დავბადებულვართ პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც შეიძლება მუშაობა. პირადად მე თავს დასჯილად კი არა, გათავისუფლებულად ვთვლი, რადგან 3 უნივერსიტეტში ვარ პროფესორი და ვაგრძელებ ჩემს მუშაობს. ეს დიდი პრობლემა ჩვენთვის არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა მხარი არ დაგვიჭირა, ეს ამბავი ძალიან კარგად გვესმის, გავიაზრებთ ამას, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ 2017 წლის თვითმმართველობის, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას და „რეპუბლიკური პარტია“ ამ წარუმატებლობის გამო არ მოკვდება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.