საარჩევნო კომისიებმა ათასამდე საჩივარი განიხილეს

საარჩევნო კომისიებმა ათასამდე საჩივარი განიხილეს

საარჩევნო კომისიებმა 8 ოქტომბრის შემდეგ ათასამდე საჩივარი განიხილეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ, ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 7 საჩივარი განიხილა, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შეტანილი. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარები 8-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შევიდა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა საჩივარზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

”შემოსული საჩივრებიდან ამ ეტაპზე 294 დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილა 317 საჩივარი, 188 დატოვებული იყო განუხილველად, 68 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 5 საჩივარი კი თავად მხარეებმა გამოითხოვესს უკან. საჩივრის განუხილველად დატოვება, ხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია გასაჩივრების წესი, კერძოდ, საქმე გვაქვს კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებთან ან ხარვეზებით შეტანასთან”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერი ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, მხარეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება საქალაქო სასამართლოებში გაასაჩივრონ.

”გარდა ამისა იყო მოთხოვნა რამდენიმე უბნის გადათვლის, რაც დააკმაყოფილა საარჩევნო ადმინისტრაციამ. მთაწმინდის ერთ, ბათუმის ერთ და კრწანისის სამ უბანზე ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, შედეგი არ შეცვლილა და ზუსტი ბალანსი დაჯდა”, - აღნიშნა ანა მიქლაძემ.

ცესკოს პრესსპიკერი ასევე განმარტავს, რომ მეორე ტურის დასანიშნად საარჩევნო ადმინისტრაციას ვადა ჯერ კიდევ აქვს. ”მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციას თარიღი არ გამოუქვეყნებია იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ტურის შედეგების შეჯამება არ მომხდარა”, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.