არაოფიციალური ინფორმაციით, საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს ოთხი მოსამართლის მხარდაჭერა აქვს, ირინა იმერლიშვილს კი სამის

არაოფიციალური ინფორმაციით, საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს ოთხი მოსამართლის მხარდაჭერა აქვს, ირინა იმერლიშვილს კი სამის

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ზაზა თავაძეს ოთხი მოსამართლის მხარდაჭერა აქვს, ირინა იმერლიშვილს კი სამი.

ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა სწორედ სამმა მოსამართლემ - გიორგი კვერენჩხილაძემ, მაია კოპალეიშვილმა და თავად ირინა იმერლიშვილმა წარადგინეს. ზაზა თავაძის კანდიდატურას კი „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოთხი მოსამართლე უჭერს მხარს. ესენი არიან - ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, თეიმურაზ ტუღუში და თავად ზაზა თავაძე.

გაურკვეველი რჩება მოსამართლე მერაბ ტურავას პოზიცია, რომელიც ასევე მოიაზრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

ამასთან, კანონმდებლობით პლენუმის წევრს შეუძლია არ წარადგინოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არც ერთი მოსამართლე. ამ მხრივ მას კანონი არ ზღუდავს. უცნობი რჩება, მერაბ ტურავამ წარადგინა თუ არა საკუთარი, ან რომელიმე სხვა მოსამართლის კანდიდატურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმის დახურული შეხვედრა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭისყრაზე ხუთი მოსამართლის ხმა სჭირდება. ისევე როგორც კანდიდატურის წარდგენის დროს, ამ შემთხვევაშიც, კანდიდატს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს საკუთარ კანდიდატურას.

ამრიგად, მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძეს აირჩევენ, თუ ის მხარს დაუჭერს ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავიდან დაიწყება თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგინებისა და არჩევის პროცედურები.

იმ შემთხვევაში, თუ ხმები 4/4-ზე გაიყოფა და ვერ აირჩევენ ვერც ერთ დასახელებულ კანდიდატს, თავმჯდომარეობის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს იქამდე, ვიდრე ახალი თავმჯდომარე არ აირჩევა. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობით, უკვე წარდგენილ კანდიდატებს, ამ შემთხვევაში, ირინა იმერლიშვილსა და ზაზა თავაძეს, თავმჯდომარეობის კანდიდატებად მეორედ ვეღარ წარადგენენ.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარლამენტის კვოტის შევსება და საკონსტიტუციო სასამართლოში მეცხრე წევრის არჩევა ჯერ არ განხორციელებულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი კი შესაძლოა, პლენუმის სწორედ ამ მეცხრე წევრის არჩევამდე ვერ გადაწყდეს, რადგანაც თეორიულად შესაძლებელია, რომ თავმჯდომარის ასარჩევად გამართულ ყველა კენჭისყრაზე ხმები 4/4-ზე გადანაწილდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა გუშინ გახდა ცნობილი.