დავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა

დავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ არქიტექტორსა და ესპანეთის ქალაქ ბილბაოს ყოფილ მერს, იბონ არესოს და ბილბაოს ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელს სუზანა რუისის შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ურბანისტები დაესწრნენ.

შეხვედრაზე თბილისსა და ბილბაოს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევებსა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მზადების პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბილბაოს მიწათსარგებლობის გეგმა იბონ არესოს უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა.

დავით ნარმანიამ თბილისის სტრატეგიული განვითარების კონცეფციაზე, ასევე,თბილისში ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისა და ქაოტური მშენებლობების შეზღუდვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების  მქონე არქიტექტორის რეკომენდაციები ურბანული განვითარების სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის  სასარგებლო იქნება.

„ბილბაოს ყოფილი მერი, რომელიც ასევე არის ქალაქმგეგმარებელი არქიტექტორი, გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან, ესპანელი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და გენერალური გეგმის მომზადების  საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ, რასაც ჩვენ ამჟამად გავდივართ. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ესპანელი არქიტეტორის თქმით, ბილბაოს სულ 9 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს და თბილისი მათ შორის ერთერთია. იბონ არესომ ქართველი კოლეგებისთვის თავისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

დავით ნარმანიამ ესპანელი სტუმრები თბილისის უკეთ გასაცნობად თბილისობის დღესასწაულზე დაპატიჟა.