ირაკლი კობახიძე :   პრევენციისთვის 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შეხსენება, აუცილებელია

ირაკლი კობახიძე : პრევენციისთვის 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შეხსენება, აუცილებელია

მე ვისურვები იმ ყველაფრის სრულ სამართლებრივ შეფასებას, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა - ერთგვარ ნიურნბერგის პროცესზეა საუბარი, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა.

კობახიძის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობის ასეთი შეფასება კონკრეტული პოლიტიკური ძალის პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორების დასასრული იქნებოდა.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ”ნიურნბერგის პროცესი” ბევრ პოლიტიკურ ფაქტორთან იყო დაკავშირებული, ”სამწუხაროდ, ასეთი პროცესი საქართველოში ვერ შედგა”, რაც, კობახიძის თქმით, ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.

კობახიძე ამბობს, რომ პრევენციისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 9-წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების შეხსენება, აუცილებელია.

“ვერანაირი მხარდაჭერა, თუნდაც ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ ჩამოგიხსნის ცოდვას, რომელიც წარსულში, 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში გქონდა. თან აქ საუბარი არ არის მარტივ ცოდვებზე, საუბარია უმძიმეს პოლიტიკურ ცოდვებზე, რომელიც ამ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს. ელემენტარულად, ციხის თემა რომ გავიხსენოთ, უკვე საკმარისია. როდესაც პოლიტიკური ძალა რჩება ასპარეზზე, მას მუდმივად უნდა შეახსენო მისი წარსული არა იმიტომ, რომ თავისთავად წარსულის შეხსენებაა მნიშვნელოვანი, არამედ იმისთვისაც, რომ პოლიტიკური სისტემა დააზღვიო მომავალში იგივე პრობლემების გამეორებისაგან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ”სისტემის ყველა ძირითადი დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული”.

”ძალიან რთული იყო იმის გამოძიება, რაც იმ 9 წლის განმავლობაში იყო ჩადენილი. ხშირ შემთხვევაში კვალიც კი ქრებოდა, რადგან 9-10-11 წლის თავზე გიწევდა გარკვეული საქმეების გამოძიება, რომელიც იმ რეჟიმის პირობებშია ჩადენილი. ამ სისტემის ყველა ძირითადი შემქმნელი, ყველა ძირითადი დამნაშავე არის პასუხისგებაში მიცემული. ისინი დღეს ან ციხეში არიან, ან გაქცეული არიან ქვეყნიდან. რაც შეეხება ქვედა, საშუალო დონეს, სადაც ასევე ხდებოდა დანაშაულის ჩადენა, კონკრეტული დანაშაულების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 80-ზე მეტი ადამინია მიცემული”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.