ირაკლი კობახიძე:   ივანიშვილი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ჩართული არ იყო

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ჩართული არ იყო

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ჩართული არ იყო და არც ზოგადად სია ყოფილა მასთან შეთანხმებული, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა.

კობახიძის თქმით, ივანიშვილთან კონსულტაციები მხოლოდ სიის ფორმირების პრინციპებთან დაკავშირებით გაიმართა.

”მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო სია შედგა მთლიანად ”ქართული ოცნების” ლიდერის ხელმძღვანელობით და პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის რეალობა. ამ პროცესის მონაწილე მე თვითონ ვიყავი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული არ იყო არც სიის ფორმირების პროცესში და არც ზოგადად სია ყოფილა მასთან შეთანხმებული”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის ჩარევასთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები, გადაჭარბებულია.