დღეს არა მაქვს კომპეტენცია, ერთმნიშვნელოვნად გავაკეთო განცხადება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე

დღეს არა მაქვს კომპეტენცია, ერთმნიშვნელოვნად გავაკეთო განცხადება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ”ქართული ოცნება” მიიღებს თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა, ”ქართული ოცნება” კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, შეიძლება შეიქმნას ახალი ფორმატის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და კონსტიტიციის ბევრი ნორმა მსჯელობის საგანი სწორედ ამ ფორმატში უნდა გახდეს.

”ჩვენ კოალიციაში გვქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით. იყო ძალიან ბევრი მომხრე, ბევრი - მოწინააღმდეგე. მათ შორის ჩვენი პარტიის შიგნითაც გაყოფილი იყო მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ან იმდაგვარი მოდიფიკაციის, რომ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, კონსესუსის მობილიზება ვერ მოხერხდა. კოალიციამ გააკეთა განცხადება, რომ 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის მზად ვიყავით პროპორციულ სისტემაზე გადასვლისათვის. ეს საკითხი დგას დღის წესრიგში. დღეს არა მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ერთმნიშვნელოვნად გავაკეთო განცხადება ამ სისტემის შემოღების თაობაზე, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება დღის წესრიგში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიქმნას კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატი, შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ახალი ფორმატით და კონსტიტუციის ბევრი ნორმა მსჯელობის საგანი ასეთ ფორმატში უნდა გახდეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში, ”ქართული ოცნება” ძალიან მყარ უმრავლესობას მიიღებდა, თუმცა არა საკონსტიტუციო უმრავლესობას.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ”თუკი თეორიულ პრიზმაში განვიხილავთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის მიერ მოპოვება, რისკებთან არის დაკავშირებული”.