ის, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებთან დაკავშირებით მოხდა, ძვირად დაუჯდება საქართველოს

ის, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებთან დაკავშირებით მოხდა, ძვირად დაუჯდება საქართველოს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი „სტრატეგიული მოკავშირის ღალატად“ აფასებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძვირად დაუჯდება.

"ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი. ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე. ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც საქართველოს დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი",- განაცხადა რატიანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი დღის წინ ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130), ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს” (Doc. 14139). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება.