”თავისუფალი დემოკრატები” რაიმე ალიანსში ან კოალიციაში შესვლას არ ვგეგმავთ

”თავისუფალი დემოკრატები” რაიმე ალიანსში ან კოალიციაში შესვლას არ ვგეგმავთ

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” რაიმე ალიანსში ან კოალიციაში შესვლას არ გეგმავს და აპირებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოემზადოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კეკენაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის „თავისუფალი დემოკრატების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანება ნაადრევია.

”ამ ეტაპისათვის ჩვენთვის რომელიმე პარტიასთან გაერთიანება, თუნდაც პროდასავლურთან ნაადრევია. ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დამოუკიდებლად პირველად მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე ჩვენი უახლესი მიზანი და ამოცანებია მეორე ტურში ბრძოლა, სადაც ჩვენი კანდიდატი მონაწილეობს. ამავდროულად, პარტია გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრული რეორგანიზაცია, განახლება. ჩვენ ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, რადგან მნიშვნელოვანია საქართველოში პროდასავლური ფლანგი გაძლიერდეს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე კოალიციაში ან ალიანსში შესვლას არ ვგეგმავთ”, - განაცხადა კეკენაძემ.

გუშინ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საუბარი ექნება „რესპუბლიკელებთან“, ასევე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „ფორუმთან“, თუმცა „რა გამოდნება აქედან, ამას დრო გვაჩვენებს“. როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, მოხდება პროდასავლური ორიენტაციის პარტიებთან კონსულტაციები, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ კონსულტაციების შემდეგ პარტიები გაერთიანდეს. უბრალოდ მოხდება იდეური თანამშრომლობა. მისივე თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ პროდასავლური ტიპის პარტიებთან იქნება შესაძლებელი.