იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, რაც დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“, ვიღებთ სახიფათო ვითარებას პარლამენტში

იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, რაც დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“, ვიღებთ სახიფათო ვითარებას პარლამენტში

ჩემს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვეტყვი - მათი ხმა არ დაკარგულა. იმ საქმეს, რაც უნდა გაკეთებულიყო მათი მანდატით, გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშილმა „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეზე, რასაც ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქმნის.

„იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, რაც დაგეგმა და მიიღებს კიდეც „ქართული ოცნება“, ჩვენ ვიღებთ ძალიან სახიფათო პოლიტიკურ ვითარებას პარლამენტში. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის იქ ყოფნა პრაქტიკულად ვერაფერს შეძენს პარლამენტს, იმიტომ რომ, რაც არ უნდა ისაუბრონ, თუნდაც ხანდახან კარგი და სწორიც თქვან, ესეც იქნება იგნორირებული, რადგან ეს ორივე მხარის პოლიტიკურ გენეტიკურ კოდშია. ეს არის პოლიტიკური გენეტიკის შინაგანი სტრუქტურის საყრდენი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მან აუცილებლად უნდა უარყოს ყველაფერი, რაც წამოვა „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინაიდან ეს არის აუცილებლად ბოროტი ძალა მათი შეფასებით. და პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გენეტიკური კოდი არის ის, რომ რაც არ უნდა კარგი გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, აუცილებლად შეაფასებენ როგორც რუსეთის და კრემლის გავლენას. ანუ, ჩვენ პარლამენტის ნაცვლად, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დებატებია აუცილებელი, მუშა პარლამენტის ნაცვლად, სადაც, სწორედ განსხვავებული ხედვების ჭიდილის შემდეგ მიიღწევა ხოლმე უკეთესი გადაწყვეტილებები, მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც სასარგებლო, შედეგის მომცემი დებატები პრაქტიკულად არ იქნება. სამაგიეროდ იქნება საკმაოდ ბევრი სანახაობა და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ნამდვილად არ მოაკლდებათ. მოკლედ, არ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპული სივრცის შემადგენლობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას იმის ფუფუნება ჰქონდეს, რომ პარლამენტი იყოს სანახაობა და არა დებატები, სადაც კონსენსუსი და ჭეშმარიტება მიიღწევა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წევრ არც ერთ ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ კონკრეტულ პარტიას არ აქვს.

„ჩვენ პარლამენტს გარეთ ძალიან აქტიური პოლიტიკური საქმიანობით, ამომრჩეველთან ძალიან აქტიური ურთიერთობით ვაპირებ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ყოფნას იმისთვის, რომ ხელი შევუწყო ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც, სამწუხაროდ, ალბათ, პარლამენტში ვერ განხორციელდება. არ მაქვს პრობლემა ვთქვა კარგზე კარგი და პირიქით. ამასთან, არც იარლიყების შემეშინდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.