ჯიხაშკარში, 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა როლანდ შონიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენს.
„სასამართლომ კაკო კიბუას გირაო შეუფარდა 10 000-ლარის ოდენობით. გირაო შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უძრავი ქონებითაც. ამიტომ, მე ვფიქრობ პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩება და როგორც კი დაიტვირთება უძრავი ქონება გირაოს სანაცვლოდ, მას გაათავისუფლებენ“, - განაცხადა ადვოკატმა.
შონია არ გამორიცხავს, რომ გირაოს შეფარდების თაობაზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.
„აშკარად უკანონო იყო დაკავება და შესაბამისად, ის უნდა გაუქმებულიყო“, - აღნიშნა ადვოკატმა.