არ არის სასიამოვნო, როცა შენი ქვეყნის ძებნილი პირები მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან

არ არის სასიამოვნო, როცა შენი ქვეყნის ძებნილი პირები მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ტექნიკურ გაუგებრობას“ უწოდებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

როგორც სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველოს დელეგაციისთვის პლენარული სხდომის დღის წესრიგი არ იყო ცნობილი და ამ საკითხს არ სჭირდება კუდების გამობმა.

„ძალიან კარგად განმარტეს ჩვენი დელეგაციის წევრებმა და დამატებითი განმარტებები ამას არ უნდა, ისევე როგორც არც დამატებითი კუდების მობმა არ სჭირდება. მოხდა ტექნიკური გაუგებრობა, დღის წესრიგი არ იყო ცნობილი. სხვა შეხვედრა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება პოლიტიკურ შურისძიებას, შურისძიება რატომ? - როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრანაშიც აღძრეს საქმე და დაგვასწრებენ ამ კაცის გასამართლებას? არამგონია, ამაში შევეჯიბროთ“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით, უკრაინა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მეზობელი, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს.

„დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო სერიოზულ საფუძვლებს შეიძენს. ნებისმიერი ერის ისტორიაში შეიძლება არსებობდეს გაუგებრობები, დაძაბული მომენტები, მაგრამ არასდროს უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი ის მომავალია, რომელზეც უნდა აიგოს ჩვენი ურთიერთობა. ცხადია, არ არის სასიამოვნო, როცა შენი ქვეყნის ძებნილი პირები მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან და გუბერნატორი გადატრიალებებს აწყობს და ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ზედმეტი მოქმედებებით არ უნდა დავამძიმოთ ის ურთიერთობები, რომლებიც ხვალ და ზეგ ისევ იქნება მჭიდრო, მეგობრული“, - აღნიშნა სუბარმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი დღის წინ ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130), ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს” (Doc. 14139). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება.