ცივი წყალი ძალიან ბევრი მოდის, - ასე უპასუხა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელების უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან პარტია ლიდერებთან შეუთანხმებლად დატოვა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მან უკვე განმარტა, თუ რატომ წავიდა პარტიიდან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მთავრობაში კონკრეტული პოსტის შეთავაზებას ალექსი პეტრიაშვილი უარყოფს.
„არავითარი შეხვედრა არ მქონია და არც არანაირი შემოთავაზება არ მაქვს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათთან ერთად არ მიუღია და შესაბამისად, მისი განცხადება გაუკვირდა.
„არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა ფეისბუქზე და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.