საქართველოში 19 ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 19 ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 19 ოქტომბრამდე არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ხვალ დღის მეორე ნახევარიდან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრი იქნება.

15 ოქტომბერს, თბილისში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრი იქნება.

14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16;18 გრადუსი იქნება. 16-17 ოქტომბერს კი ბარში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელი.

15 ოქტომბრის ღამეს, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს. კერძოდ, თოვლის ნალექი მოსალოდნელია ყაზბეგში, სვანეთის მაღალმთიანეთში, სამხრეთ საქართველოში ნინოწმინდის რაიონში. ღამით ტემპერატურა იქ 0;-2 იქნება; დღისით - 1;6 გრადუსი სითბო.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ქარი, რომელის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი 18 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 13-15 გრადუსი იქნება.

18 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი 18 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა , 18-19 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მათ შორის თბილისსა და კახეთში,12-13 გრადუსი იქნება.