ვიქტორ დოლიძე პრემიერთან შეხვედრას არ ადასტურებს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ვიქტორ დოლიძე პრემიერთან შეხვედრას არ ადასტურებს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ ადასტურებს.

ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრებისთვის მთავრობაში გარკვეული პოსტების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორს" უწოდებს.

„ბევრი ჭორი დადის, გავიკითხე ეს ინფორმაცია და არავითარი ამდაგვარი შეხვედრა არ ყოფილა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში განიხილავს თუ არა მმართველ გუნდთან თანამშრომლობას, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„ოპოზიციაში რომ ვიყავი, მაშინ არ გამოვრიცხავდი თანამშრომლობას, მითუმეტეს სახელმწიფო თემებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ბუნებაში არარსებულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება პარტიის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მან განვლილი გზა უნდა გააანალიზოს, დაგეგმოს მომავალი და სწორედ ამ ეტაპზეა დღეს ის.

„ჩვენ ვისვენებთ ახლა, ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაც ეტაპი, როდესაც აქამდე მიხვალ, მერე შეიძლება დაისვენო, ან გააგრძელო, გააანალიზო რა გზა გაქვს განვლილი, დაგეგმო მომავალი და ა. შ. ზუსტად ამგვარ ვითარებაში ვარ მე დღეს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ჩემი აზრით“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.