არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ ისაა, რომ არ ვიქნებით

არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ ისაა, რომ არ ვიქნებით "ნაციონალურ მოძრაობაში"

ალექსი პეტრიაშვილს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია და შესაბამისად, მე მისი განცხადება გამიკვირდა, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბაშიძემ განმარტა, ირაკლი ალასანიამ და ზოგადად გუნდმა გადაწყვეტილება ერთად მიიღეს და ეს გადაწყვეტილება პირველი ალასანიამ, ხოლო შემდეგ პარტიის ყველა ყოფილმა წევრმა გააჟღერა.

„არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა "ფეისბუქზე" და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ არავითარი შეხვედრა და არავითარი შეთავაზებები არ ყოფილა.

„თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს არის ის, რომ არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასოდეს“, - განაცხადა აბაშიძემ.