მანანა კობახიძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საქართველოს დელეგაცია PACE-ს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას არ დაესწრო

მანანა კობახიძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საქართველოს დელეგაცია PACE-ს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას არ დაესწრო

პლენარულ სხდომაზე ზუსტად უკრაინის საკითხის განხილვის დროს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად, - ასე ხსნის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის წევრი, დეპუტატი მანანა კობახიძე იმ ფაქტს, რომ საქართველოს დელეგაციამ უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობახიძემ განუცხადა, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენი სტრასბურგში ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგის კომიტეტში მომხსენებლების მხიდან წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენა.

„ეს კონკრეტული საკითხი რომ არა, ჩვენ ამ საარჩევნო პერიოდში გაგვიჭირდებოდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა და ეს სრულიად ბუნებრივია. უკრაინის საკითხის განხილვას იურიდიულ კომიტეტში დაესწრო ეკა ბესელია, როგორც ამ კომიტეტის წევრი და მხარიც დაუჭირა რეზოლუციას, ისევე, როგორც უკრაინელების მხრიდან მოთხოვნილ შესწორებებს. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვას, ვინაიდან ჩვენ ზუსტად იმ დროს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან, სამწუხაროდ, ვერ დავესწარით, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მითუმეტეს, როცა რაიმე, წინასწარი კომუნიკაციაც კი უკრაინის მხრიდან არ ყოფილა ამ თემაზე, როგორც ამას დელეგაციები მიმართავენ, როგორც წესი. ასე, შესაძლოა, ვერც უკრაინელებმა ან რომელიმე სხვა მეგობარი ქვეყნის დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა რაიმე საკითხის განხილვაში, როცა ამის სრულიად საპატიო მიზეზი არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კომიტეტზე მათ ჩვენ მხარი დავუჭირეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130), ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს” (Doc. 14139). უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება.