უარესი იქნებოდა, რომ ირაკლი კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაენიშნათ, სადაც დამოუკიდებლადაა საჭირო გადაწყვეტილების მიღება

უარესი იქნებოდა, რომ ირაკლი კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაენიშნათ, სადაც დამოუკიდებლადაა საჭირო გადაწყვეტილების მიღება

უარესი იქნებოდა, რომ კობახიძე აღმასრულებელი ხელისუფლების გადამწყვეტ პოსტზე დაენიშნათ, სადაც დამოუკიდებლადაა საჭირო გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა, რითაც არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მმართელმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლოა სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს.

ცინცაძე მიიჩნევს, რომ კობახიძის პარლამენტის სპიკერად არჩევა ტრაგედია არაა და ეს პოსტი, მას მომავალში პოლიტიკოსად გაზრდის კუთხით წაადგება.

"თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში პარლამენტი არ არის გადამწყვეტი ძალა და არც მისი სპიკერი, აქ მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. მითუმეტეს, რომ ეს შეიძლება კობახიძისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კარგი კონსტიტუციონალისტის რეპუტაციით სარგებლობს, კარგი სკოლა იყოს, რათა როგორც მომავალი პოლიტიკოსი ჩამოყალიბდეს. უარესი იქნებოდა, რომ კობახიძე სადმე აღამსრულებელი ხელისუფლების გადამწყვეტ პოსტზე დაენიშნათ, სადაც მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იქ მისი ახალგაზრდობა, გამოუცდელობა, შეიძლება უფრო მეტი რისკების მატარებელი იყოს", - განაცხადა ცინცაძემ და აქვე დასძინა რომ ირაკლი კობახიძეს შეიძლება ეწოდოს "ქართული ოცნების" პროდუქტი, ვინაიდან ის პოლიტიკურ ასპარეზზე ამ პარტიამ გამოიყვანა.

მისივე თქმით, კობახიძეს მომავალი პოლიტიკოსისთვის საჭირო თვისებები გააჩნია.

"ირაკლი კობახიძე ავლენს მომავალი პოლიტიკოსის საჭირო მთავარ თვისებებს, რაც არის თავშეკავებულობა - მისი მდგომარეობიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება ხშირად ხისტი პოზიციის ქონას, ეს აიხსნება ახალგაზრდული რადიკალიზმით, რაც წარმავალია. დღეს კობახიძე სიმძიმის ტვირთს ვერ გრძნობს, ვინაიდან არ იღებს გადაწყვეტილებებს. როგორც კი იგრძნობს საკუთარ მხრებზე სიმძიმის ტვირთს, მაშინ ასეთი ხისტი აღარ იქნება. უფრო ელასტიური, მოქნილი და დიპლომატიური გახდება", - აღნიშნა ცინცაძემ.