მარნეულის პოლიციაში ირმა ნადირაშვილი, სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ

მარნეულის პოლიციაში ირმა ნადირაშვილი, სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ

მარნეულის პოლიციაში ცოტა ხნის წინ ადვოკატებთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ირმა ნადირაშვილი, სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ.

როგორც მათ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, პოლიციისგან ყიზილაჯლოში დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ დაინტერესდნენ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მარნეულის პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებულები მათთან არ იმყოფებიან და ვინაიდან საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის რეგიონული სამმმართველო იძიებს, შესაძლოა დაკავებულები იქ ჰყავდეთ.

ნადირაშვილის თქმით, მარნეულში შეკრებილი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ და პოლიციასთან დარჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს გვიან ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.

დაკავებულების ოჯახის წევრები #48 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ახალგაზრდების მონაწილობას უარყოფენ, ისინი მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.