ზაზა თავაძე:  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი უნდა ჩატარდეს ძალიან გამჭვირვალედ

ზაზა თავაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი უნდა ჩატარდეს ძალიან გამჭვირვალედ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მთავარ გარანტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძემ განუცხადა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

რაც შეეხება მისი კანდიდატურის დასახელებას, როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, წარადგენს თუ არა მის კანდიდატურას სამი მოსამართლე.

"იმაზე მეტს, რაც განაცხადა პრესცენტრმა, ვერ დავამატებ. კანდიდატებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს ძალიან გამჭვირვალედ იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას, რომელიც ქვეყანაში არის ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვის მთავარი გარანტი", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

თავის მხრივ, თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ დეტალებს არ ასაჯაროებს არც მოსამართლე მერაბ ტურავა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი მოგვიანებით გააკეთებს განმარტებებს.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში უკვე მივიდნენ მოსამართლეები თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე, ირინა იმერლიშვილი, ზაზა თავაძე, ლალი ფაიაშვილი და მერაბ ტურავა.

14:00 საათზე ჩანუშნულია პლენუმის შეკრება, სადაც ერთ-ერთი საკითხი თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს შეეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მოიაზრებიან მოსამართლეები ზაზა თავაძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა.