ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, მომავალი წლიდან, ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშო ბაგა-ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ჩადო. 

2 583 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი შენობა 300 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება.

თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

„სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი არ იყო. შესაბამისად, ეს პრობლემა ბევრ ოჯახს ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, დასახლებაში სხვა საკითხებზეც ვმუშაობდით. ეტაპობრივად ყველა მიცემული დაპირება შევასრულეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელსაც ვასრულებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისს შემოერთებულ სოფელ ფონიჭალაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ადგილობრივებს ბავშვების ბაგა-ბაღში ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის რაიონისთვის ეს მესამე ახალი საბავშვო ბაღი იქნება.