არ ვიტყოდი უარს, რომ ირაკლი კობახიძე იყოს პარლამენტის თავმჯდომარე

არ ვიტყოდი უარს, რომ ირაკლი კობახიძე იყოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე წესიერი ადამიანი და კარგი კონსტიტუციონალისტია, ამიტომ ჩემთვის მისაღებია, თუკი მას პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩევენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რითაც არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მმართელმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლოა სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი აზრით, კობახიძე ოპოზიციასთან ურთიერთობას დაარეგულირებს.

”ვერ გეტყვით პარტიულ საქმიანობაში ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის პოსტზე როგორ გამოამჟღავნა საკუთარი თავი, მაგრამ მგონია, რომ კარგი კანდიდატურაა. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და პარლამენტი ფაქტობრივად, ერთპარტიული იქნება გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა, ვფიქრობ, ოპოზიციასთან ურთიერთობასაც დაარეგულირებს. არ მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენდეს. საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ნორმალური კანდიდატურაა და იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა კაცია, არ ვიტყოდი უარს, რომ ის იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა არის პრობლემა, რომელსაც ჰქვია გამოუცდელობა საპარლამენტო საქმიანობაში, მაგრამ, ალბათ, ეს დაძლევადია”, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ხისტ პოზიციებს სხვა პარტიებთან მიმართებაში, პოლიტოლოგი ამას ”ქართულ ოცნებაში” მისი პოსტით ხსნის.

”პოსტი, რომელიც მას პარტიაში ეკავა, ითხოვდა, რომ სხვა პარტიების მიმართ დამოუკიდებულება ყოფილიყო ხისტი. ცხადია, არჩევის შემთხვევაში, მან უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, არამხოლოდ ”ქართული ოცნების” ფრაქციის, არამედ პარლამენტის ყველა დეპუტატის. ამას, იმედია, გაიაზრებს, ვინაიდან ადამიანები, ვინც კონსტიტუციის მიმართულებით მუშაობენ, ყოველთვის ეძებენ ბალანსს. ამიტომ ეს არამარტო ხასიათში, არამედ განათლებაშიც აქვს ჩადებული და იმედია, მიხვდება, რომ ხისტი დამოკიდებულება ყოველთვის მხოლოდ მას ავნებს და არა მის ოპონენტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეეცდებიან გამოიყვანონ წყობიდან და წინასწარ შემიძლია გავაფრთხილო, რომ ერთ-ერთი მიმართულება მათი საპარლამენტო მოღვაწეობის ეს იქნება”, - აღნიშნა ძაბირაძემ.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს. “ქართულ ოცნებაში“ პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.