მეორე დიდ არჩევნებში დამარცხებამ ხელი შეუწყო

მეორე დიდ არჩევნებში დამარცხებამ ხელი შეუწყო "ნაციონალების“ დემოკრატიზაციას, ამიტომ მზად ვართ, მესამედაც დავამარცხოთ

"მეორე დიდ არჩევნებში დამარცხებამ ხელი შეუწყო "ნაციონალური მოძრაობის" დემოკრატიზაციას, რასაც მივესალმებით და მზად ვართ, მესამედაც დავამარცხოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

"ახლა აქტუალურია მეორე ტურის საკითხები და ის პროცესი, რაც დემოკრატიული მართვის პროცესის სახით დაიწყო ჩვენს ოპონენტებში. მეორე დამარცხებამ დიდ არჩევნებში გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" დემოკრატიზაცია, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამიტომ კიდევ რომ ხელი შევუწყოთ ამ პარტიაში შიდა დემოკრატიის განვითარებას, მზად ვართ, მესამედაც დავამარცხოთ. დავამარცხებთ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში და საბოლოოდ ხელს შევუწყობთ ამ პარტიის გათავისუფლებას იმ მარწუხებისაგან, რა მარწუხებშიც მას აქცევდა ყოფილი პრეზიდენტი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, არჩევნების შედეგების ბოიკოტირებასთან დაკავშირებული აზრთასხვადასხვაობა პირველი შემთხვევაა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თემა გუნდში არ მოკლა და პოლიტსაბჭოს კენჭისყრის შედეგებიც გაასაჯაროვა.