”ოცნებას” არ ჰყავს უსუფაშვილის ტოლფასი კანდიდატი, ამიტომ სულ ერთია, ვის აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარედ

”ოცნებას” არ ჰყავს უსუფაშვილის ტოლფასი კანდიდატი, ამიტომ სულ ერთია, ვის აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარედ

”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს დავით უსუფაშვილის ტოლფასი, ან უკეთესი კანდიდატი, ამიტომ სულ ერთია, პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იქნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

ბერძენიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე დაინიშნოს.

”ჩემი აზრით, ”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს დავით უსუფაშვილის ტოლფასი კანდიდატი, უკეთესიც არ ყავთ, ამიტომ სულ ერთია ვის აირჩევენ. ვფიქრობ, ეს მაინც და მაინც ჩემი საფიქრალი არ არის. ჩვენ არ ვიცნობთ ამ ფიგურას, ახალი კაცია, კაციშვილმა არ იცის, როგორი იქნება, ამიტომ წინასწარ შეფასების გაკეთება გამიჭირდება”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, სხვა რომელი კანდიდატურა წარმოუდგენია ამ პოსტზე, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს ”ქართული ოცნების” გადასაწყვეტია.

”არც ერთზე არ მაქვს ისეთი აზრი, რომ ვინმე შეიძლება შეედაროს უსუფაშვილს, მაგრამ მათი საქმეა, შეიძლება ჩვენ ვცდებით, და შეიძლება ამ ახალგაზრდებში იპოვონ ვინმე. ეს ჩვენი გადასაწყვეტი აღარ არის. ჩვენ მივიღეთ ჩვენი პროცენტი, ”ქართული ოცნება” ვისაც ჩათვლის სწორად იმას დანიშნავს და იმას მიესალმება ამომრჩეველი, რომელმაც მათ ანდო ეგ ამბავი”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.