პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება

თუკი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ - ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან და სხვა საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

“მე შემიძლია დავახასიათო ირაკლი კობახიძე და ვთქვა, რომ ის არის საკმაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მუშაკი, ადამიანი შესანიშნავი გამოცდილებით, შესანიშნავი ადამიანური თვისებებით და ძალიან მაღალი დონის განათლებით. მასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვიტყვი. თუკი ის განიხილება პარლამენტის თავმჯდომარედ, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ - ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. შეიძლება კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყოს. უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის და პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებები გვეცოდინება. მეც მექნება შესაძლებლობა კოლეგებს საკუთარი მოსაზრება გავუზიარო. ამ მოსაზრებების განხილვა მრგვალ მაგიდასთან ჯერ არ მომხდარა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვოლსკიმ.

მისივე ინფორმაციით, “ქართულ ოცნების“ პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები არც მომავალი მთავრობის ფორმირების საკითხზე არ გამართულა.

“შეიძლება ამაზე კონსულტაციები მთავრობის წიაღში მიმდინარეობს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა“, - დასძინა ვოლსკიმ.