ზაქარია კალაშოვს პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან უშუალო კავშირები ჰქონდა

ზაქარია კალაშოვს პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან უშუალო კავშირები ჰქონდა

კრიმინალურ ავტორიტეტ ზაქარია კალაშოვს, მეტსახელად „შაქრო მოლოდოის“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ჰქონდა უშუალო კავშირები.

ამის შესახებ რუსული გამოცემა „Новая Газета“ წერს. 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კალაშოვს ჰქონდა კონტაქტები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეთა ძებნის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებთანაც.

მოგვიანებით, „Новая Газета“-მ აღნიშნული მასალა გამოცემის ვებგვერდიდან წაშალა, თუმცა, რუსი ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი.

პარალელურად, რუსულმა სააგენტო „როსბალტმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველოდან ზაქარია კალაშოვის საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა გაუჩინარდა.

წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან „როსბალტს“ შეახსენა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, კალაშოვისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველოს ორი მაღალჩინოსანი.

რუსული მედიის ცნობით, პირველად რუსეთის იურისპრუდენციის ისტორიაში, ზაქარია კალაშოვი სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოხსენიებულია როგორც რუსეთის კრიმინალური საზოგადოების ლიდერი. კერძოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ კალაშოვის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს „კრიმინალური გაერთიანების ორგანიზებას პირის მიერ, რომელსაც დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი პოზიცია უკავია“.

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ კალაშოვი რუსეთის კრიმინალური საზოგადოების ლიდერი 2013 წელს, ე.წ. კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის დაღუპვის შემდეგ გახდა.