სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან

სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან

სამართალდამცველების მიერ სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები ამ წუთებში მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე მივიდა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი და პარტიის მხარდამჭერები.

პოლიციასთან შეკრებილების განცხადებით, არ იციან, სად არიან დაკავებულები და საერთოდ, რა მიზეზით მოხდა მათი აყვანა.

დაკავებულების ოჯახის წევრები უარყოფენ ფაქტს, რომ ახალგაზრდები ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა“, - აცხადებენ შსს-ში.