ოთო კახიძე:  ქუჩის ოპოზიციად არ უნდა გადაიქცე

ოთო კახიძე: ქუჩის ოპოზიციად არ უნდა გადაიქცე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ოთო კახიძე პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"პირველის პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე ოთო კახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში არშესვლა არასერიოზული იქნებოდა.

"ქუჩის ოპოზიციად არ უნდა გადაიქცე. ამომრჩევლის ინტერესი უნდა წარმოვადგინოთ პარლამენტში, "ქართულ ოცნებას" ოპონირება გავუწიოთ და შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტი მხარდაჭერა მივიღოთ.

წინა მოწვევის პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების ოპონირებას ეწეოდა, აკრიტიკებდა იმ საკითხებს, რომელიც არასწორად მიაჩნდა, "ქართული ოცნებისგან" კი, გინება და ჩხუბი მოდიოდა. მომავალშიც თუ ასე გააგრძელეს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, საბოლოო ჯამში, "ქართულ ოცნებას" ნდობას არ გამოუცხადებს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, წარმატებული აღმოჩნდა მათი აპელირება შიშებზე.

"ნაციონალური მოძრაობა" არასდროს ყოფილა ორიენტირებული დესტრუქციულობაზე, ჩვენ პარლამენტში შესვლითაც გავუსვით ამას ხაზი",- განაცხადა პარტიის წევრმა.

ოთო კახიძე ირწმუნება, რომ პარტია, კონსტიტუციურ მექანიზმს გამოიყენებთ, რათა საზოგადოებას, მისი უპირატესობა უკეთესად დაანახოს.