გერმანიაში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილმა სირიელმა ლტოლვილმა საკანში თავი მოიკლა

გერმანიაში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილმა სირიელმა ლტოლვილმა საკანში თავი მოიკლა

გერმანიაში, ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილმა სირიელმა ლტოლვილმა საკანში თავი მოიკლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრი 10 ოქტომბერს დააკავეს. ის ბერლინის აეროპორტში ამზადებდა ტერაქტს და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი.

გერმანიის სპეცსამსახურებმა სექტემბრის დასაწყისში მოიპოვეს ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტერაქტის განხორციელება დაევალა სირიის მოქალაქე, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრს, რომელის გერმანიაში გასული წლის თებერვალში ჩავიდა და მალევე ლტოლვილის სტატუსი მოიპოვა.

ჯაბერ ალ-ბაქრის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 1,5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ანალოგიურ ნივთიერებას იყენებდნენ ტერორისტები 2015 წელს, პარიზში განხორციელებული თავდასხმის დროს.