აკმამედ იმამკულიევი: სპეცრაზმელები სოფელ ყიზილაჯლოში რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს

აკმამედ იმამკულიევი: სპეცრაზმელები სოფელ ყიზილაჯლოში რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას სპეცრაზმელები მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“იმამკულიევმა განუცხადა, მათ ოჯახებში დაამტვრიეს ავეჯი, სცემეს ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ 8 ოქტომბერს იზილ-აჯლოში განვითარებულ მოვლენებთან.

„ეს მოხდა დილის 4:00 საათზე. რა იყო მიზეზი, ვერ გეტყვით. თავად არაფერს ამბობენ. ჩვენ იურისტებს ველოდებით და გაარკვევენ, რატომ დააკავეს ისინი. ჩემი ვარაუდია, რომ მიზანი დაშინებაა. ეს არის არა სპეცოპერაცია, ეს არის მოსახლეობის დაშინება, რადგან იციან მარნეულის მუნიციპლიტეტში იქნება მეორე ტური ან 36-ე უბანზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შესაძლოა მე მოვიგო, ამიტომ „ქართული ოცნება“ ამ მეთოდს მიმართავს“, - განაცხადა იმამკულიევმა.