სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,“ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ

სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,“ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ

ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევენების შედეგებზე პირველ შეფასებებს აკეთებენ. "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩევლის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგ ლინკოლნ მიტჩელის და კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორ ალექსანდრ ქულის კომენტარებს ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს. ამერიკელი პოლიტოლოგები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან , 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებებს საარჩევნო პროცესზე საუბრით იწყებენ.

ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, ალექსანდრ ქულის აზრით კი, არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.

”ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ, ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, აუხსნელ მოვლენებს, რომელიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო ვიდრე ოთხი წლის და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკეთესი მმართველობა იქნებოდა თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც”, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა.

”რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება ეს შოკი არ ყოფილა ჩემთვის.

სუპერ უმრავლესობით შესვლა პარლამენტში - ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია. იყო მოწოდებებიც, რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები. თუმცა საბოლოოდ ეს მთავარი უკვე აღარ არის.

ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48 % პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება. ”ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ საკმაოდ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ასე წარსდგა ხალხის წინაშეც. იყო მოწოდებები რეჟიმის ცვლილებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ახალი რეალობის შექნაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ მიიღეს 20% მეტი მაჩვენელი და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ არსებულ სივრცეში. ეს მართალაც კარგი შედეგი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის" იმ ფონზე როდესაც ”ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ მათ გააქრობდა ქართული პოლიტიკიდან”, - აცხადებს ალექსანდრ ქული.

ლინკოლნ მიტჩელმა აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ "თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკელებს" ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში.

”მართალია აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში, 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე.

საქართველოში არის ხალხი რომელსაც არ მოსწონს ნატო-ს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. "პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა - „ნაციონალური მოძრაობაა“. მიხეილ სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,“ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა”, - განაცხადა ლინკოლ მიტჩელმა.

ალექსანდრე ქული კი ფიქრობს, რომ საქართველოში გაჩნდა კრიტიკული განწყობა დასავლეთის მიმართ გართულებული ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესის გამო, რაც წესით ბენეფიტი უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთის წევრობისთვის მზად არის.

”არის სკეპტიციზმი ნატო-ს მიმართაც წევრობასთან დაკავშირებით. პრორუსული პარტიისთვის 5% ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს რუსეთის ისტორიულ გამარჯვებას და რუსეთის მხარდაჭერას ან იმას, რომ მოსახლეობის 99% მხარს რუსეთს უჭერს. რა თქმა უნდა, რუსეთში უხარიათ, რომ იქ თავიანთი იდეების გამხმოვანებელი ეყოლებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამერიკისთვის, სადაც არ ფიქრობენ, რომ ეს საფრთხის შემცველია და რაიმე დიდი გავლენა ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციაზე”, - განაცხადა ქულიმ.

ლინკოლნ მიტჩელს უტოპიურად მიაჩნია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვოლსკის განცხადება, რომ პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა მიეცეს.

ალექსანდ ქული კი ამბობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი დასაწყისი აქვს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ”ამერიკის ხმის” კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას კანდიდატად კვლავ სააკაშვილი, ქული პასუხობს, რომ საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა.

”საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება”, -აღნიშნა ქულმა.