არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე, ითანამშრომლოს რუსეთთან

არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე, ითანამშრომლოს რუსეთთან

რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემა „Аргументы и Факты“-ს განუცხადა.

კალაშნიკოვის თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.

„მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე ითანამშრომლოს რუსეთთან“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დამარცხება გააცნობიერეს, რადგან „ქართველებმა, მათი ელიტის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვეს“.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს აღიარებენ, მაგრამ ეს იყო ცალსახა მინიშნება, რომ საჭიროა კომპრომისების ძებნა. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ კვირაში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია, კომიტეტის სხდომაზე მოვისმინოთ და ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობის დამყარებას შევეცადოთ“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა.