მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იგივეა, რიგით მოქალაქეს ბიზნესის კეთების უფლება წაართვა და ამის მონოპოლიზება ფირმების ხელში მოახდინო

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იგივეა, რიგით მოქალაქეს ბიზნესის კეთების უფლება წაართვა და ამის მონოპოლიზება ფირმების ხელში მოახდინო

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დაახლოებით იგივეა, ბიზნესის კეთების უფლება რიგით მოქალაქეს წაართვა და ამის მონოპოლიზება ფირმების ხელში მოახდინო, - ასე უპასუხა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, “ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, მიიღებს თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

ქუცნაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე მან აღნიშნულ საკონსტიტუციო ინიციატივას ხელი არ მოაწერა. 

“მე ვარ თავისუფლების მომხრე. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ინდივიდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. თუკი არევნებში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ პარტიებს ექნებათ, ინდივიდი ჩაკვდება. თუ დააკვირდით, 8 ოქტომბრის არჩევნების დროს გრძელი იყო პარტიული ბიულეტენი და მოკლე იყო მაჟორიტარული ბიულეტენი, როცა ყველა სხვა არჩევნების დროს იყო პირიქით. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც კი ჩვენ ვთქვით, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად ის პირი გამოცხადდებოდა, ვინც 50%-იან ბარიერს გადალახავდა, გიჟებსა და სულელებს კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ჩაეკლათ, მაგრამ არჩევნენბში კენჭისყრის საშუალება თავისუფალ მოქალაქეებს დარჩა. პარტიას შეუძლია მაჟორიტარულ არჩევნებში არაპარტიის წევრი წარადგინოს. ძალიან ბევრი ჩვენი მაჟორიტარი არ გახლავთ პარტიული. მე არასდროს ინდივიდის, მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას და მისთვის იმ უფლების წართმევას, მონაწილეობა მიიღო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მხარს არ ვუჭერდი. არც ახლა დავუჭერ მხარს, რომ ამის მონოპოლიური უფლება მხოლოდ პარტიებს ჰქონდეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა. 

პარლამენტის დღის წესრიგში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე დგას უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და 150 მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევა.

საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისათვის უნდა ამოქმედდეს. 

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით კომიტეტებსა და სესიაზე განხილულია და ის კენჭისყრამდეა მისული.