ჩემი თანხმობით ”რესპუბლიკური პარტია” არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში შესასვლელად არ გაუქმდება. ამის შესახებ ”რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ”ეროვნული ფორუმის” ლიდერის კახა შარტავას ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
ბერძენიშვილმა ”რადიო პალიტრასთან” საუბარში კახა შარტავას ინიციატივას უპერსპექტივო უწოდა.
”ეს შეიძლება ჟღერს როგორც კეთილშობილი იდეა, მაგრამ უპერსპექტივოა. მე პირადად, 1978 წელს დავაარსე მეგობრებთან ერთად ”რესპუბლიკური პარტია”, რომელიც ჩემი თანხმობით არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში შესასვლელად არ გაუქმდება. ჩემი თანხმობის გარეშე თუ პარტია რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე შეგიძლიათ თავმჯდომარეს დაელაპარაკოთ. მე არ ვიქნებოდი თანახმა გაგვეუქმებინა პარტია ასეთი პოეტური და ძალიან კეთილშობილი განზრახვისთვის, რომელსაც, ჩემი აზრით, არანაირი პრაქტიკული შედეგი არ ექნება”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. „ეროვნული ფორუმი“ მზად არის, ამ მიზნით პარტიული მსხვერპლი გაიღოს.