ებღაუჭებიან ხავსს და არა ქვას, მე მათ ვურჩევ, რომ მოეჭიდონ ქვას და დაიმაგრონ ამომრჩეველი

ებღაუჭებიან ხავსს და არა ქვას, მე მათ ვურჩევ, რომ მოეჭიდონ ქვას და დაიმაგრონ ამომრჩეველი

საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ამომრჩეველი იმ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალაზე გადაეწყო, რომელსაც “ქართული ოცნება“ ჰქვია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ეროვნული ფორუმის” ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ის ვინც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დასავლურობის შესახებ საუბარზე ამყარებს, უშვებს შეცდომას, რადგან ქვეყნის დასავლური ორიენტაცია გადაწყვეტილია და “როცა ებღაუჭები იმას, რაც უკვე გადაწყვეტილია, ამომრჩევლის თვალში ეს არანაირ დივიდენდს არ გმატებს.

“ეროვნული ფორუმის“ ინიციატივას, რომელიც მე მხოლოდ მედიით გავიგე, ახსნა და დასაბუთება სჭირდება. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ერთადერთი პროევროპული ძალა არიან, ეს არ არის სწორი. ფაქტობრივად, მოხდა “ნაციონალური მოძრაობის“, “რესპუბლიკური პარტიის“, “თავისუფალი დემოკრატების“ არა მხოლოდ დამარცხება, არამედ ქართული საზოგადოება გადაეწყო ახალ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც არის დასავლური განვითარების მომხრე - ეს არის “ქართული ოცნება“. შესაბამისად, მათი ვითომ დაბევებული პოლიტიკა, რომ არიან ერთადერთი პროდასავლური ძალა, არის მცდარი. ებღაუჭებიან ქიმერას, რომ თითქოს საქართველოს დასავლური ორინტაცია არის საფრის ქვეშ და ამით ებღაუჭებიან ხავსს და არა ქვას. მე მათ ვურჩევ, მოეჭიდონ ქვას, დაიმაგრონ ამომრჩეველი იმ პროგრესულ შეხედულებებზე, რაც მათ დასაყრდენს შეუქმნის. თუ ამომრჩეველს პირდები იმას, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება, ვინ მოგცემს ხმა?! “ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა იმიტომ მისცეს, რომ დასავლური პარტიაა?! მაშინ რატომ არ მისცეს ხმა “რესპუბლიკელებს“ ან “თავისუფალ დემოკრატებს“, ნაკლები დასავლურები არიან?! გასცეს ვინმემ ამ კითხვას პასუხი!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა

“ეროვნული ფორუმი“ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია რეალური, ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება.

“ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, - განაცხადა შარტავამ.