გია ცაგარეიშვილი:   სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები

გია ცაგარეიშვილი: სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები

სადაც არ უნდა ვიყო და რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას, ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” ირაკლი ალასანიას შემდეგ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.

გია ცაგარეიშვილის თქმით, ”თავისუფალმა დემოკრატებმა” დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისთვის, რათა საპარლამენტო მანდატები მოეპოვებინათ და დიდი გამარჯვება მოეტანათ არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, თუმცა მისი თქმით, სამწუხაროდ, ამომრჩეველმა ”სხვანაირად განსაჯა”.

”7 წელი მე ვიმუშავე „თავისუფალ დემოკრატებში“, უფრო სწორად ვიბრძოლე პარტიაში და პარტიისთვის. მეც და ჩემმა მეგობრებმაც დიდი ძალისხმევა გავიღეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა 2016 წლის 8 ოქტომბერს დიდი გამარჯვება არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ საქართველოსთვის. მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმა სხვანაირად განსაჯა და არ მოგვანიჭა საპარლამენტო მანდატი. ყოველთვის დგება ადამიანის ცხოვრებაში და მითუმეტეს პოლიტიკოსის ცხოვრებაში დრო როდესაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვიღებ დღეს გადაწყვეტილებას დავტოვო ”თავისუფალი დემოკრატების” რიგები. იცოდეთ ერთი რამ - სადაც არ უნდა ვიყო და რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს.

პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.