დავით უსუფაშვილი:  ბიძინა ივანიშვილმა ურჩობისთვის დაგვსაჯა

დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ურჩობისთვის დაგვსაჯა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" 4 წლის განმავლობაში, ერთმანეთს არ უსმენდა და ეს დღესაც გარანტირებული გვაქვს.

2030-ში სტუმრობისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ "ერთმა მხარემ, როგორი ჭეშმარიტებაც არ უნდა იღაღადოს, მეორე მხარე მაინც არ მოუსმენს და როცა პარლამენტში არ არიან ძალები, რომლებიც ამას აბალანსებენ, სრულიად გაუგებარ მოვლენას ვიღებთ".

"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ თუ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" არ შევა, უკეთესი იქნებაო. ამიტომ მგონია, ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუსმენენ. თუ სამუშაო ვითარება არ იქნა, პარლამენტი რაში გვჭირდება?!", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლის გამოც "რესპუბლიკურმა პარტიამ" არჩევნებზე ცუდი შედეგი მიიღო.

"ამომრჩეველმა, ჩვენ, კოალიციურ პერიოდზე პასუხისმგებლობა სრულად დაგვაკისრა და იმავე პერიოდში ჩვენი დამსახურება ვერ დაინახა. პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ჯერ ეს პოლიტიკური კულტურა დამკვიდრებული არ არის. ამომრჩევლის ერთმა ნაწილმა დაინახა ის, რომ ჩვენ კოალიციური ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, უმრავლესობა არ დავშალეთ და სამთავრობო კრიზისები არ დავუშვით.

მეორე კომპონენტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურჩობისთვის სრულიად მიზანმიმართულად დაგვსაჯა, რადგან მისი რჩევა არ გავითვალისწინეთ და ამის უფლება მას ჰქონდა. მოკლედ, ბიძინას მოტანილი ბიძინამ წაიღო. მთელი მისი საჯარო კამპანია აქეთ იყო მიმართული და მეც იძულებული გავხდი, მის განცხადებებზე ნაწილობრივ მეპასუხა. ეს ამბავი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.