საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა ხვალ იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა ხვალ იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა ხვალ იმსჯელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ხვალ 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე პლენუმი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებს.

"2016 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები", - აღნიშნულია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 15 ოქტომბერს იწურება.

როგორც ცნობილია, პლენუმის განახლებულ შემადგენლობას პირველი სხდომა 6 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა მაშინ მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, კვორუმის უქონლობის მიზეზით სხდომა ვერ შედგა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლე ჰყავს. ესენი არიან ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.