ნუგზარ წიკლაური:   მომავალი პარლამენტი იქნება უფრო მეტად თურქმენბაშის მეჯლისი

ნუგზარ წიკლაური: მომავალი პარლამენტი იქნება უფრო მეტად თურქმენბაშის მეჯლისი

დღევანდელი გადაწყვეტილება არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი გუნდის ერთიანობისთვის, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, რომელმაც პარტიის პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობას მხარი არ დაუჭირა. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს გარკვეულმა ნაწილმა ასევე არ დაუჭირა მხარი მიღებულ გადაწყვეტილებას.

”არჩევნებზე მოხდა ტოტალური ფალსიფიკაცია. შესაბამის დოკუმენტებს იხილავს მოსახლეობა. ამის დამადასტურებელია 25 000 გაყალბებული ბიულეტენი აჭარაში. მე არ ვიყავი მომხრე პარლამენტში ჩვენი დეპუტაციის შესვლის. არჩევნები არის ფალსიფიცირებული, მომავალი პარლამენტი იქნება არაევროპული და იქნება უფრო მეტად თურქმენბაშის მეჯლისი. გაცილებით უპრიანი იქნებოდა ჩვენ მარტო დაგვეტოვებინა ”ქართული ოცნება” და ივანიშვილი გაყალბებულ არჩევნებთან ერთად და პარლამენტი ყოფილიყო ისეთივე ერთპარტიული, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში. ჩვნი გუნდის წევრების უმრავლესობამ მიიღო სხვა გადაწყვეტილება და პარლამენტში ჩვენი დეპუტაცია იქნება წარმოდგენილი. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამის წინააღმდეგ მისცეს ხმა. შედეგებიც გამოქვეყნდება”, - განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ დრო აჩვენებს, თუ რამდენად სწორია დღევანდელი გადაწყვეტილება.

ამასთან, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიუღია. მისივე თქმით, ასევე არ გაჟღერებულა ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას პოზიციები.