საქართველოში დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა და ახლა გადაუდებლად საჭიროა ახალი თაობის შემოსვლა პოლიტიკაში

საქართველოში დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა და ახლა გადაუდებლად საჭიროა ახალი თაობის შემოსვლა პოლიტიკაში

საქართველოში დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა - პოლიტიკური სპექტრის განვითარების 25-წლიანი ციკლი და ახლა გადაუდებლად საჭიროა ახალი თაობის შემოსვლა პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

ამასთან, ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროდასავლური ფლანგი როგორც პარლამენტს შიგნით, ისე გარეთ, უკიდურესად დასუსტდა.

„დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე ფაქტობრივად ყამირია და რეალურად სივრცე მზად არის სრულიად ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. ეს აჩვენა იმან, რომ მოქმედი პროდასავლური პოლიტიკური ძალების დიდმა ნაწილმა უკვე ზედიზედ მერამდენედ, დამოუკიდებლად ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ისინი შეიძლება იყვნენ დამატება რომელიმე ორთქმავლის და სწორედ ასეთი ორქლმავალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობა უკვე დგას დღის წესრიგში. როცა ეს საპარლამენტო ვნებები ჩაცხრება, მერე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დავინახავთ ასეთი პოლიტიკური ძალის აუცილებლობას. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა პროდასავლური ფლანგი - როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო. არასაპარლამენტოს თუ შევხედავთ, „თავისუფალი დემოკრატები“, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. „რესპუბლიკური პარტიის“ ტრადიციულად დაბალი რეიტინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ვთქვი, რომ სწორედ ამ ველზე საჭიროა ძლიერი ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება, რომელსაც დარჩენილი ასეთი მცირე პოლიტიკური სუბიექტების მიზიდულობის ძალა ექნება. პარლამენტს შიგნითაც ძალიან დასუსტდება პროდასავლური ფლანგი, გამომდინარე იქიდან, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ისედაც მცირე წარმომადგენლობით შედის პარლამენტში, დიდი ალბათობით, ორ ნაწილად გაიყოფა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით ნაკლები იქნება. ასე რომ, პოლიტიკურ სპექტრზე თუ ვსაუბრობთ, პროდასავლური ფლანგის ჩამოქცევის თვალსაზრისით რეალურ საფრთხეზე შეიძლება ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში დამთავრდა პოლიტიკური სპექტრის განვითარების 25-წლიანი ციკლი. „ამ პოლიტიკური სპექტრის ფესვები დიდწილად იყო შევარდნაძის ეპოქაში, 80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების პოლიტიკური თაობა დავარქვათ ამას. ამ თაობამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამოწურა საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში. ეს ძალიან მტკივნეული განაჩენია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოებამ. შესაბამისად, გადაუდებლად საჭიროა არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ ახალი თაობის შემოსვლა პოლიტიკაში, რომელიც იქნება უკომპრომისო, პროფესიონალი, შემოქმედებითი, ინოვაციური და სწორედ ამ თავისი ახალი ხედვებითა და მიდგომებით შეეცდება, რომ ქვეყანა გადაიყვანოს განვითარების ახალ ეტაპზე და ააცილოს იმ საფრთხეებს, რომელიც ძალიან რეალურია დღეს. სხვა თუ არაფერი, დღეს რუსეთის დუმის წევრების კომენტარები რომ ვნახოთ, როგორ აფასებენ ისინი მომავალი პარლამენტის შემადგენლობას - ისინი ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს მიერ პროდასავლურ კურსზე უარის თქმა. ასეთ შეფასებაში ვერ დავეთანხმებოდი, მაგრამ პროდასავლური სპექტრის და ზოგადად ამომრჩევლის პოზიციები რომ ამ ქვეყანაში სუსტება, ეს სულ უფრო თვალსაჩინოა და ამას ძალიან სწრაფი და ქირურგიული, რევოლუციური ჩარევა სჭირდება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.