ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისთვის სრულიად დამაჯერებელია ამაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება და უფრო არადამაჯერებელი და გასაოცარი იქნებოდა, მას რომ ის ბრალდება დაედასტურებინა, რაც საგაზეთო ინტერიუში ეწერა. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ შეუძლებელია გონიერ ადამიანს ბურჯანაძის ხელისუფლებასთან გარიგებასთან დაკავშირებით ჰქონდეს ეჭვი.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს გაცილებით უხერხულ მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელების ნაწილი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს იმ ვერსიას გამოეხმაურა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან ღირსეულად გამორჩეული პოზიცია დაიკავა ქალბატონმა მანანა კობახიძემ, რომელმაც მსგავსი ეჭვის არსებობის შესაძლებლობა პირველივე წუთებიდან გამორიცხა. დანარჩენებმა კი, ვინც კომენტარის გაკეთება იჩქარა, როგორც ჩანს, სცადეს, რაც შეიძლება სწრაფად ესიამოვნებინათ თავისი კოალიციის ლიდერისთვის. ამ ადამიანებს კი ნამდვილად მოუწევთ მათ მიერ გამოთქმულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით არგუმენტირებულად პასუხების გაცემა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
აქვე იგი დასძენს, რომ რიგით მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკურ კონიუნქტურაში არ არის გაცნობიერებული, შესაძლოა, გაუჩნდეს მსგავსი კითხვა, მაგრამ არა პოლიტიკოსს. ბურჯანაძე ამბობს, რომ ცხადია, ბადრი ბიწაძე ხელისუფლებას აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, რადგან ასეთ შემთხვევაში თავისი ცოლისთვის უნდა დაებრალებინა ისეთი რამ, რაც მას არ ჩაუდენია. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას უბრალოდ არ აწყობს დამატებითი პოლიტიკური პატიმარი. აქვე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან და, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბურჯანაძის მიმართ მსგავსი კითხვების გაჩენა ბუნებრივია, არასოდეს გასჩენიათ კითხვა, რისთვის ზის ქართულ ციხეებში ამდენი პოლიტიკური პატიმარი?
კითხვაზე, მართლაც გასცა თუ არა მან 2007 წლის 31 დეკემბერს განკარგულება, რომლითაც წყნეთის ხევი ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად გადაეცა, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ასეთი განკარგულება მართლაც არსებობდა, მაგრამ აქვე იგი აღნიშნავს, რომ ამ განკარგულებას თან ახლდა იურიდიული სამსახურის და ყველა შესაბამისი ინსტანციის პოზიტიური დასკვნა, ამიტომ, მას არანაირი უფლება არ ჰქონდა, ამ დასკვნის კანონიერებაში ეჭვი შეეტანა. მისივე თქმით, ამ დასკვნაში ჩამოყალიბებული იყო მიზანი, თუ რისთვის უნდა გადასცემოდა ივანიშვილს ეს ტერიტორია. მიზანი იყო კეთილშობილური, კერძოდ, ამ ტერიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო ბავშვთა გასართობი დაწესებულებები და ამიტომ, ბურჯანაძისთვის ეს მიზანი სრულიად მისაღები იყო. იგი ამბობს, რომ წუხს, თუკი ამით ვინმეს უფლებები შეილახა, მაგრამ მას ეს არ შეიძლება სცოდნოდა, რადგან ამ განკარგულებას პოზიტიური დასკვნები ახლდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე. მან განაცხადა, რომ „სახალხო კრების“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ ელემენტარული კოორდინაციის მიღწევაც კი ვერ მოხერხდა. ამ ფაქტს ბურჯანაძე ძალიან უცნაურს უწოდებს, რადგან პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინირება არანაირ ვალდებულებებს არ გულისხმობს.
„კოორდინირება ხელს უწყობს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ხელისუფლებას შემდეგ მუდმივად სალაპარაკო არ ჰქონდეს, რომ ოპოზიცია ელემენტარულ საკითხებშიც კი ვერ ახერხებს მოლაპარაკებას. მე ძალიან გავოცდი, როდესაც ბატონმა სოზარმა დასვა კითხვა - რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებაო. არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ელემენტარულად, ადამიანურ ურთიერთობებში ხდება ხოლმე ასე - თუნდაც, თუ მეზობლების ჭირისდღე ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის ხდება მოლაპარაკება, რათა ერთი ეზოდან ორი მიცვალებული ერთ დღეს არ გამოსავენონ. სამწუხაროა, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ელემენტარული კოორდინირება ვერ მოხერხდა, მით უფრო სამწუხაროა, რომ 26 მაისს „ქართული ოცნების“ სტადიონის ღონისძიება გადაიდო და აღმოჩნდა, რომ ჩვენც ჩვენი ღონისძიება უკვე გადადებული გვაქვს.
მე არ შემიძლია ვიმარჩიელო, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კოალიცია ორი თარიღიდან რომელს აირჩევს. აქ საუბარი იყო ელემენტარულ სოლიდარობაზე და ჩვენი გადაწყვეტილებით საზოგადოებას ვუთხარით, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ და ხელს არ ვუშლით ოპოზიციას“, - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.
იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „სახალხო კრება“ და მისი მხარდამჭერები 21 მაისს დახურულ ღონისძიებას ჩაატარებენ, ხოლო 26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრებიან პარაკლისს.
ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შესვლის შანსი არ არსებობს, რადგან მას ამის სურვილი არ აქვს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტყუილად ირჯებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, ბურჯანაძეს კოალიციაში არ მივიღებთო, რადგან ბურჯანაძე არც არასოდეს აპირებდა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ბურჯანაძე აცხადებს, რომ „სახალხო კრება“ არის უზარმაზარი ორგანიზმი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და აჩვენა შეუპოვარი ბრძოლის საოცარი მაგალითი და ამიტომ, მას ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა შევიდეს „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებაში“.
ბურჯანაძის თქმით, კოალიცია გვთავაზობს ბრძოლის იმ მეთოდს, რომელიც ბურჯანაძისთვის გაუგებარია, ვის წინააღმდეგ არის მიმართული, ხელისუფლების თუ თავად ბურჯანაძის წინააღმდეგ. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნა აბსოლუტურად ხელოვნურია, რადგან ყველა არგუმენტი, რაც მის წინააღმდეგ იყო აქამდე ჩამოთვლილი, თითიდან გამოწოვილი მიზეზებია.
„ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ეს ყველაფერი იყო მოგონილი არგუმენტები და სინამდვილეში, ამის უკან დგას რაღაც სხვა, რისი თქმაც კოალიციის წევრებს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ჩანს, არ სურთ. მე არ ვაპირებ ამ მიზეზზე საუბარს, რადგან ეს კვლავ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. კარგი იქნება, რომ ეს მხოლოდ კონკურენციის შიში იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ასეა და ამის უკან უფრო ღრმა ფესვები არ არის.
აქვე მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს. რამდენიმე დღის წინ ერთი მაღალი რანგის უცხოელ სტუმართან შეხვედრა მქონდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის და ე.წ. „კონსტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე დავსვი ძალიან მარტივი კითხვა, რომელზეც ჩემმა კოლეგა ოპოზიციონერებმა (მათ სასახელოდ უნდა ითქვას) ძალიან გულწრფელი პასუხი გამცეს. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - ვინმეს ამ ოთახში სჯერა, რომ საქართველოში ამ ვითარებაში, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ საარჩევნო გარემოში, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია? ამ კითხვას ყველამ უარყოფითი პასუხი გასცა. უცხოელი სტუმარი ამ ვითარებამ ნამდვილად ჩააფიქრა.
სწორედ ამაზე საუბრობდა „სახალხო კრება“, როდესაც ვამბობდით, რომ საარჩევნო გარემოსთვის უნდა გვებრძოლა და შეიძლებოდა დღეს საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით უკეთესი ვითარება გვქონოდა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ სერიოზული პოლიტიკური ძალაა, რომელსაც 30 000 რეგისტრირებული წევრი ჰყავს, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ოჯახის ერთი ან ორი წევრი ასევე ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია.
„ძალიან გამიჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა რომელიმე პოლიტიკური ძალის დასახელება, რომელსაც რეგისტრირებული, მანდატიანი 30 000 წევრი ჰყავს. გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებიც „სახალხო კრების“ მხარდამჭერების სახით გვყავს და მათი მხარდაჭერა მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო ნაკლები აქტიურობა იქნება ოპოზიციის სხვა მხარეს“, - ამბობს ბურჯანაძე.
მისი თქმით, მოსახლეობის მინიმუმ 15% არჩევნებში მის პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. ბურჯანაძე ამბობს, რომ სანამ ხელისუფლება ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს რეიტინგებში ისეთ მონაცემებს უწერდა, რაც მათთვის სასარგებლო იყო, მანამ ეს ოპოზიციური ძალები არ აკრიტიკებდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ დაბალ რეიტინგს და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ამ რეიტინგების გაპროტესტება, რაც უკვე თავადაც ვერ მიიღეს ის მაჩვენებლები, რაც სურდათ.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველ პერიოდში ჰქონდა იმის შანსი, რომ მთელი ოპოზიცია გაეერთიანებინა და ოპოზიციის მთელი ძალისხმევა წარმართულიყო სააკაშვილის წინააღმდეგ და ასეთ შემთვევაში, შესაძლოა, დღეს სააკაშვილის რეჟიმი უკვე ხელისუფლებაში აღარ ყოფილიყო. ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ოპოზიციის გამიჯვნის მომენტში მათ საზოაგდოების წინაშე აიღეს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერი მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არსებობს, არჩევნებში ამ მოლოდინის გამტყუნების შემთხვევაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზები არ გამართლდება, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გამართლდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც „სახალხო კრების, „დემოკრატიული მოძრაობის“ და პირადად ჩემს მიერ იყო გამოთქმული. გავიხსენოთ, თუნდაც არათუ არ გამოსწორებული, არამედ გაუარესებული საარჩევნო გარემო, მიუხედავად იმ დაპირებებისა, რასაც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები გვაძლევდნენ“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.
იგი არ გამორიცხავს კახა კუკავას პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობას, თუმცა აცხადებს, რომ მასთან საარჩევნოდ პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებაზე, ჯერჯერობით, ნაადრევია საუბარი.
კითხვაზე, მაინც როგორ დატოვა ბადრი ბიწაძემ საქართველო, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ბადრი ბიწაძე არის პროფესიონალი მესაზღვრე, რომელმაც საქართველოს ყველა ბილიკი, ყველა გადასასვლელი იცის და, რომელსაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაბალ და საშუალო რგოლებში ჰყავდა მეგობრები და თანამოაზრეები. ბურჯანაძის თქმით, მისი მეუღლე ასევე კარგი და გამოცდილი მონადირეა და მესაზღვრე რომც არ ყოფილიყო, მხოლოდ ეს გარემოებაც საკმარისი იქნებოდა იმის ასახსნელად, თუ როგორ დატოვა მან საქართველო. აქვე ბურჯანაძე ამბობს, რომ არასოდეს უპასუხებს კითხვას, ლეგალურად დატოვა ბიწაძემ საქართველო თუ არა. აქვე იგი ამატებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ან რომელიმე ოპოზიციურ ლიდერის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ხელისუფლებისგან საფრთხე დაემუქრება, ბურჯანაძე ასეთ ადამიანს აუცილებლად მიეხმარება საქართველოს საზღვრის გადალახვაში.
ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა მოსკოვში საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იქ ერთი ადამიანია დაღუპული, რომელიც ადიოდა სახანძრო კიბეზე ფოტოების უკეთ გადასაღებად და იქიდან გადმოვარდა.
„მე ვნახე, რომ აქციის მონაწილეებისადმი მოპყრობა იყო ისეთივე, როგორსაც ვხედავ გერმანიაში, საფრანგეთში და ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ სახელმწიფოში. მოსკოვის აქციის დაშლისას არ დამინახავს არც ერთი გახეთქილი თავი, არც ერთი დასისხლიანებული სახე, არ დამინახავს არც ერთი ადამიანი, რომელიც იყო იმ მდგომარეობასთან მიახლოებულიც კი, რაც იყო თბილისში 26 მაისს. ასე რომ, უბრალოდ სირცხვილია ის, რაც მე დღეს ვნახე „რუსთავი2“-ზე და მე შემრცხვებოდა იმ ჟურნალისტების ადგილზე, რომლებსაც გული ჰქონდათ აჩქარებული, ისე იყვნენ აღშფოთებული ამ აქციის დაშლით. საქართველოში რომ უდანაშაულო, უიარაღო ადამიანებს თავ-პირი დაამტვრიეს, ამას რაღა ჰქვია?
მე არ ვაპირებ რუსეთის ხელისუფლების ადვოკატობას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მას არასოდეს უთქვამს, რომ დემოკრატიის მაგალითია მსოფლიოში. პირდაპირ გეტყვით, შეადარეთ აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიმართ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება და საქართველოს ხელისუფლების მოქმედება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მან კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები მისგან ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვდნენ. ბურჯანაძე ამბობს, რომ ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება რეალურად გრძნობს, რომ მისი დასასრული ახლოვდება, ახლა კი ასეთი სიტუაცია ჯერ, სამწუხაროდ არ არის.