"პატრიოტთა ალიანსი" ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან მომავალი პარლამენტი არაპროპორციულად პოლარიზებულია

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გარკვეულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს. იმ შემთხვევაში თუ „პატრიოტთა ალიანსი“ მომავალი მოწვევის პარლამენტში 6 მანდატს მიიღებს, სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მიზნით ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებენ, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან ადრე იყო განცხადება გაკეთებული, რომ ისინი უმრავლესობასთან თანაშრომლობას არ გამორიცხავდნენ. მე მგონი, რომ ეს თანამშრომლობა შედგება, ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსისთვის“ არ მგონია პრინციპული იყოს საკითხი - საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს თუ მოსახლეობა. ჩემი ღრმა რწმენით, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანო აირჩევს“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან ცუდი იქნება.

რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას, სოსო ცინცაძის აზრით, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა შესაძლოა, ამ საკითზეც შედგეს.

„აქაც შეიძლება „პატრიოტთა ალიანსმა“ ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“. ეს ისეთი საკითხებია, სადაც, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს რადიკალური განსხვავება ამ ორი პარტიის ხედვებს შორის“, - განაცხადა ციცაძემ.

კითხვაზე, გარდა ამისა, კიდევ რა შეიძლება შეცვალოს „პატრიოტთა ალაინსის“ შესვლამ საკანონმდებლო ორგანოში, სოსო ციცნაძის შეფასებით, ეს საერთოდ ვერაფერს შეცვლის, „ვინაიდან ძალზედ არაადეკვატურად და არაპროპორციულად პოლარიზებულია მომავალი პარლამენტი“.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში რამის შეცვლა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ შეუძლია, მითუმეტეს, როდესაც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მმართველ პარტიას მაჟორიტარების ძლიერი ტალღა მიემატება.

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ისეთ ბრიყვობას ჩაიდენს, რომ უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ეს ნიშნავს, მის გაქრობას. თანაც თუ „რუსთავი 2“-ის სასამართლოები ტელეკომპანიის დამარცხებით დამთავრდა, მაშინ აღნიშნულ პარტიას უკვე წვდომა აღარ ექნება ქართულ საზოგადოებრივ აზრზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე თუ ისე პარლამენტში ამდენი ძალით შესვლა, ძალზე სოლიდური დაფინანსების წყაროა ბიუჯეტიდან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე უარს იტყვის, დიდი ალბათობით, მას სრული დაშლა ელოდება, თუნდაც რესურსების ნაკლებობის გამო. მე არ მგონია, რომ მსგავსი სისულელე ჩაიდინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა ცინცაძემ.