პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს

პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48,67 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,11 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 5,01 % მიიღო, რაც ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი წესის მიხედვით, სწორედ მანდატების აღნიშნულ რაოდენობას შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობას შემდეგი წესით დააგენს: - პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდება და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს.

ამასთან, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად, რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს უნდა დაემატოს, რომელთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმ სუბიექტებზე, რომლებმაც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატი მიიღეს, რაც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებში მოპოვებულ 44 მანდატს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული 23 მანდატიც ემატება, რომელიც მმართველ ძალას უკვე გარანტირებულად აქვს, ვინაიდან 73 მაჟორიტარული ოლქიდან 23-ში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, მმართველ პარტიას პარლამენტში ჯამურად 67 გარანტირებული მანდატი აქვს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განსაზღვრულ დარჩენილ 50 მანდატს, როგორ გადანაწილდება ის, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური სწორედ 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

ინფორმაციისთვის, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ორი საარჩევნო სუბიექტი: ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შევიდა.

პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ექვს პარტიულ სუბიექტს აერთიანებდა, ხმათა 54.97% მიიღო. მას 1 182 862-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით პროპორციული წესით, 44 მანდატი შეხვდა.

2012 წელს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველთა 40.34%-მა დაუჭირა მხარი. მას 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში 867 432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციული წესით 33 მანდატი შეხვდა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 41 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობამ” – 32 მაჟორიტარი.

ჯამში, კოალიცია ”ქართული ოცნება” პარლამენტში 85 დეპუტატით შევიდა, ”ნაციონალური მოძრაობა” კი - 65, თუმცა პარლამენტის შეკრებიდან მალევე, მის მიერ გაყვანილმა რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვა და მხარი ”ქართულ ოცნებას” დაუჭირა.