ირაკლი სესიაშვილი:   მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს ვუჭერ

ირაკლი სესიაშვილი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს ვუჭერ

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს ვუჭერ და აღნიშნულ საკითხზე ჩემს პოზიციაზე ვრჩები, - ასე უპასუხა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, “ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, მიიღებს თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

“არჩევნების მეორე ტურები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და ამ საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება. თავისთავად ცხადია, ჩვენ დემოკრატიულ რეჟიმში უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და დავინახოთ, ვის რა პოზიციები აქვს. მე, ჩემი მხრივ, რა პოზიციაც მქონია აქამდე დაფიქსირებული ყველა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები. თუკი აღნიშნული საკითხი კვლავაც დადგება დღის წესრიგში, ჩემის მხრივ, მხარს დავუჭერ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის დღის წესრიგში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე დგას უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და 150 მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევა. საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისათვის უნდა ამოქმედდეს.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით კომიტეტებსა და სესიაზე განხილულია და ის კენჭისყრამდეა მისული.