„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.

როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, რომელზეც განიხილება ორი საკითხი - პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი.

„საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია და მსურს, რომ ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა“, - განაცხადა ბოკერიამ.

სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია თვლის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ვიცით, რომ რთული იქნება, ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფალება ქვეყნის შიგნით. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკურ ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღეს დღეს საღამოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.