”ამერიკის ხმა” :   პუტინი თურქეთთან დაახლოების პოლიტიკას აგრძელებს

”ამერიკის ხმა” : პუტინი თურქეთთან დაახლოების პოლიტიკას აგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მსოფლიო ენერგეტიკის კონგრეს დაესწრება. როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ცდილობს თურქეთთან ურთიერთობების გამოსწორებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც შარშან ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ანკარაში დაფუძნებული თურქეთის აზიის კვლევების სტრატეგიული ცენტრის დირექტორის მოადგილე მურატ ბილჰანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ერდოღანის სანქტ პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ეს საპასუხო ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის გამოსწორების მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა პუტინის და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ახლა უფრო დარეგულირდება“, - განაცხადა მურატ ბილჰანმა. 

კარნეგის ევროპის მკვლევარი სინან ულგენი მიიჩნევს, რომ პუტინის სტამბოლში ჩასვლის შემდეგ მოსკოვი და ანკარა ეკონომიკური თვალსაზრით ერთმანეთს დაუახლოვდებიან, მაგრამ მათ შორის ჯერ ისევ არსებობს პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოების არაერთი მიზეზი. 

„მოლოდინი იმის შესახებ, რომ „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მთავრობებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწეროს უკვე არსებობს. გაკეთდება განცხადება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც. თუმცა, ასევე იქნება საუბარი ისეთ თემებზე, რომლებზეც ანკარა და მოსკოვი ვერ თანხმდებიან, მაგალითად სირიაზე“,- განაცხადა სინან ულგენმა. 

ყოფილი თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი ამბობს, რომ ანკარა ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას აწარმოებს. მისივე თქმით, ეროდოღანმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დაუყოვნებელი შეცვლის მოთხოვნა განხილვის თემებიდან მოხსნა. პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ ანკარა რუსეთს აჩვენებს, რომ კომპრომისზე წასვლა შეუძლია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა შესაძლოა სირიელი მეამბოხეების მხარდაჭერა შეამციროს. 
„თურქეთს რამდენიმე ფაქტორის დაბალანსება მოუწევს: ძალიან რთული იქნება ჯიჰადისტური ელემენტების ფარული მხარდაჭერა და ამავდროულად, მოსკოვთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა აიდინ სელჩენმა. 
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამას ისიც ემატება, რომ თურქული სამხედრო ძალები, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან, სირიაში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ. 
”კრემლმა თურქეთი გააფრთხილა სირიაში სამხედრო მოქმედებები შეეწყვიტა. ამის მიუხედავად, ანკარა სირიაში ბრძოლას აგრძელებს. კიდევ ერთი რეგიონული მოკავშირე, რომელსაც თურქეთთან ურთიერთობა შეიძლება გაუფუჭდეს ერაყია. ბაღდადმა ანკარას ჩრდილოეთ ერაყიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა, რაზეც ერდოღანმა უარი განაცხადა.
ანკარა, სავარაუდოდ, ეცდება რუსეთს მომგებიანი ენერგო-გარიგებები შესთავაზოს და მოსკოვთან რეგიონული უთანხმოებები ამით გადაწყვიტოს. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი და თურქეთი სირიის კონფლიქტში საწინააღმეგო მხარეს არიან, მათ შორის ურთიერთოების გაუმჯობესების მცდელობა დიდ ხანს არ გაგრძელდება”, - ნათქვამია სტატიაში.