"სააკაშვილმა არჩევანი უნდა გააკეთოს, ოდესის გუბერნატორია, თუ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი"

ანალიტიკოსი, გია ნოდია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, არჩევანი გააკეთოს ოდესის გუბერნატორობასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობას შორის.

ნოდიას თქმით, ორივე ერთად არ შეიძლება და უკვირს, რატომ არ ეუბნება სააკაშვილს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.
"მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერი ახალი საქართველოს ისტორიაში, ის ახალი საქართველოს დამფუძნებელი მამაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც ახლა აკეთებს და ამბობს, სწორია. პირველ რიგში, მან არჩევანი უნდა გააკეთოს: ოდესის გუბერნატორია, თუ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი (თუნდაც არაფორმალური). ორივე ერთად არ შეიძლება. ცოტა მიკვირს, ამას პოროშენკო რატომ არ ეუბნება, მაგრამ მისი თქმა არ უნდა სჭირდებოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო სტრატეგიას მისი ლეგიტიმური ხელმძღვანელობა უნდა განსაზღვრავდეს. გაორებული მდგომარეობა "ნაციონალურ მოძრაობასაც" ავნებს და პირადად, მიხეილ სააკაშვილსაც", - წერს ნოდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთასხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, თუ ბრძოლის რა მეთოდს მიმართავს პარტია. დღეს, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას.