ევროკავშირის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. 

მხარეებმა 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება მიულოცა. 

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის.