შოთა უტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებს

შოთა უტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებს

ყოფილი ხელისუფლების დროს შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის ჩართვას ასახელებს.

ამის შესახებ შოთა უტიაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ჩემი აზრით, რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ":

კამპანია დაიწყო კარგად, სწორი მესიჯებით ახალ სამუშაო ადგილებზე, პენსიების ზრდაზე, კანონების ლიბერალიზაციაზე და ა.შ. კარდაკარმაც გაამართლა. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ რეიტინგი იზრდებოდა. ხალხმაც მეტწილად დაიჯერა ახალი სახეების.

ოცნების მთელი კამპანია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში ეს პარტია მეცოცხეების პარტიაა და მიშას უნდა, ჩამოვიდეს და ცხრა წელი დააბრუნოს. ამისთვის გადაიღო ჰეროკრატია, დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, გაუთავებელი საუბრები სახელმწიფო გადატრიალებაზე, დაკითხვები და ა.შ.საარჩევნო დაპირებები ოცნებას, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

მოსახლეობა ცოტა დაიბნა, მაგრამ ოცნების მიერ დახატული კოშმარის არ დაიჯერა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრებს იუმორით იღებდნენ, ჰეროკრატიის რეიტინგი განულდა. თუმცა ეჭვები, სინამდვილეში ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მეცოცხეები თუ ახალი სახეები, ბოლომდე არ გამქრალა", - წერს უტიაშვილი.

როგორც შოთა უტიაშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია გახდა ზეაგრესიული.

"გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა. აქ გაიმარჯვა "ოცნებამ". ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ "ოცნება" რასაც ამბობდა "ნაციონალების"  ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს.

პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?“, - წერს შოთა უტიაშვილი.