ირაკლი კობახიძე ”თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ირაკლი კობახიძე ”თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ”თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის დაზუსტების საგანი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ერთ-ერთ ეთერში მან ისაუბრა ”თავისუფალი დემოკრატების” გარკვეულ წევრებთან შესაძლო თანამშრომლობაზე.

”ზოგადი სახით განვაცხადე , რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპატიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან, როგორ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსი პეტრიაშვილის მიერ ”თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას და პარტიაში ამ პროცესის შესაძლო გაგრძელების თაობაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯერ დაელოდება მოვლენების განვითარებას და ამის შემდეგ გააკეთებს შესაბამის კომენტარებს.

”სამწუხაროა, რომ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში, რის გამოც გაუჭირდა პარტიას ბარიერის გადალახვა”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროდასავლული ძალების ბარიერს მიღმა დარჩენის საკითხის კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლური კურსის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებში.

”ეს კურსი არის ურყევი, ეს კურსი გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს საგარეო კურსი აუცილებლად გაგრძელდება, შესაბამისი შედეგებით დასრულდება ჩვენი სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.